სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო” (WECF) ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შემუშავდა ფემიციდის გაშუქების საერთო სტანდარტისა და მისი განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემცველი მემორანდუმი. აღნიშნული დოკუმენტი ღიაა ხელმოსაწერად მედიის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და WECF Georgia-ს ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავდა შემუშავებულიყო ერთიანი შიდა სტანდარტი, რომელიც ხელმომწერი მედიების სარედაქციო პოლიტიკის ნაწილი გახდება და დაეხმარება ჟურნალისტებს ეთიკურ გაშუქებაში.

დოკუმენტზე ხელმომწერ მედია ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს, გააზრებული აქვთ პასუხისმგებლობა და თანხმდებიან ფუნდამენტურ და ფაქტობრივ მოცემულობებზე, რაც პირდაპირ კავშირშია ეთიკურ პასუხისმგებლობასთან, სიზუსტესა და სენსიტიურ გაშუქებასთან. 

დოკუმენტი შეგიძლიათ ნახოთ აქ 

ხელმომწერები არიან: 

NEWS. On.ge

გურია NEWS

ნეტგაზეთი 

მედია აპრილი 

ტელეკომპანია კავკასია 

JAMnews

რადიო მარნეული 

ჩაიხანა 

AT.GE 

ტაბულა 

მთავარი არხი 

პალიტრა მედია 

მედიაჩეკერი 

Project 64 

სტუდია მონიტორი 

JRC 

კახეთის ხმა 

QARTLI.GE

სამხრეთის კარიბჭე 

ტვ მონიტორინგი 

ფორმულა 

პუბლიკა 

TV9NEWS.GE 

ტვ ზარი 

TOK TV 

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ნინო ზაუტაშვილი 

28.12.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ Georgian Press-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ესმა გუმბერიძე. 

სადავო მასალა 2023 12 დეკემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და არ გადაამოწმა, ამასთან, არ მოიძია ბრალდებაზე საპასუხო პოზიცია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

27.12.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, დახუროს სხვადასხვა გადაცემა საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე. აღნიშნული შემთხვევა ერთგვარი გაგრძელებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენებისა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს შეფასებას, რომ მაუწყებელი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების”, ზეგავლენის ქვეშ არის, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია, და ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოუმზადებელი ხვდება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაიხურა რამდენიმე გადაცემა, კერძოდ: „დღის კოდი“, „ფერმა“, „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“, „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ,“ „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“, „კაცები”, არხი „ტელესკოლა“ და „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე". აღნიშნული გადაწყვეტილება მენეჯმენტმა საზოგადოებისთვის  შესაბამისი განმარტების გარეშე მიიღო. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ ცვლილებები ფინანსური რესტრუქტირაზაციის გამო ხორციელდებოდა და “... რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება” არ უნდა მომხდარიყო. საგულისხმოა, რომ პასუხგაუცემელია თუ რატომ სახელდება ფინანსური რესტრუქტურიზაცია გადაცემების დახურვის მთავარ მიზეზად, რატომ ხდება ეს 2024 წელს, მაშინ როცა მაუწყებლის დაფინანსების არსებული მოდელი და ბიუჯეტი ორი წელი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ასევე, თუკი საკითხი ფინანსურია, რატომ არ შეთანხმდა „რესტრუქტურიზაციით” გამოწვეული დახურვა სამეურვეო საბჭოსთან. ფაქტია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მორიგ ჯერზეც არ და ვერ შეძლო ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება. კრიტიკული იყო საზოგადოების დამოკიდებულება, მათ შორის, გორგილაძის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია საკუთარი კრიტიკული შეფასებებით „ქართული ოცნების” ცალკეული გადაწყვეტილებების მიმართ, როგორიც იყო, მაგალითად, „რუსული კანონის” მიღება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა სახელმწიფო უწყებებისაგან, ასევე პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. მაუწყებლის პროგრამები უნდა იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და პლურალისტური, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება და დემოკრატიულ დისკურსს უწყობს ხელს. გამჭვირვალობისა და სათანადო განმარტებების გარეშე პროგრამების დახურვა, განსაკუთრებით იმ გადაცემებისა, რომელთა ავტორები ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ამცირებს მაუწყებლის მიმართ ნდობის ხარისხს და ამყარებს ეჭვებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

კოალიცია შეშფოთებით აღნიშნავს იმ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა პროგრამის დახურვას, როგორებიცაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მიერ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და მცდელობა,  შეეცვალა დაფინანსების მოდელი, რომელიც მიზნად ისახავდა ტელევიზიის მთავრობაზე დამოკიდებულების გაზრდას. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო სისრულეში მოყვანილი და საბოლოოდ სხვა მოდელზე მოხდა შეთანხმება. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებაც არ იყო საჯარო დისკუსიის და ფართო კონსენსუსის საგანი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და მმართველი პარტიის დამოკიდებულებამ და ქმედებებმა ნოყიერი ნიადაგი შექმნეს მაუწყებელში ხელისუფლების სასარგებლო პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციისთვის. ტელევიზია არ ფუნქციონირებს, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მედია, არის ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ და ეს განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც ვუახლოვდებით კრიტიკულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს, უზრუნველყოს მაუწყებლის პლურალისტური და ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა, მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, რეალური ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ და მისი მონაწილეობა დიალოგში. 

კოალიცია, ასევე,  მოაწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაცია და ხელი შეუწყოს პლურალისტურ გარემოს შექმნას ქვეყანაში.

19.12.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ TV მონიტორინგის და TV პირველის ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადებები დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ააიპ საზოგადოება ბილიკი. 

სადავო მასალები TV პირველის ეთერში 2023 წლის 5 ნოემბერს გავიდა ეთერში, სადავო მასალა TV მონიტორინგის ეთერში 2023 წლის 31 ოქტომბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს და არ გადაამოწმეს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

15.12.2023

ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი გახდა, მან ამ პოზიციაზე ხატია ღოღობერიძე შეცვალა. ნანა ბიგანიშვილი ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ნანა ბიგანიშვილი ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე იყო 2018-2020 წლებშიც. 

მან დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ( 2001).

2002 წელს საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა გაზეთში „ახალ ვერსია” გააგრძელა რეპორტიორად. 2003 წლიდან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”- ის გადაცემის „60 წუთი” ჟურნალისტი იყო. 2006 – 2007 წელს მუშაობდა გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ ჟურნალისტად. 2005 წლიდან დღემდე არის „სტუდია მონიტორის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

2012 წელს ჟურნალისტური გამოძიებისთვის „გაუმჭვირვალე რეაბილიტაცია” დაჯილდოვდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს მთავარი პრიზით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2023 წლის 9 დეკემბერს, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.

10.12.2023

9 და 10 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეთხუთმეტე საერთო კრება გაიმართა. საერთო კრებაზე წევრების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ხატია ღოღობერიძე, სარევიზიო კომისიის​  თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი და ქარტიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის 2023 წლის გამარჯვებულებიც.

საერთო კრებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.

საბჭოს წევრები გახდნენ:

  • თბილისის კვოტით - ნანა ბიგანიშვილი (სტუდია მონიტორი)
  • რეგიონების კვოტით - ნინო კაპანაძე (ჩემი ხარაგაული), გელა მთივლიშვილი (მთის ამბები)

ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს. საბჭო საკუთარი განცხადებით დატოვა თათია ხალიანმა, რომელიც ნინო რამიშვილმა შეცვალა. გულო კოხოძეს, სოფო ჟღენტს და მაია წიკლაურს საბჭოს წევრად ყოფნის ვადა ამოეწურათ.

საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • ნანა ბიგანიშვილი
  • ხატია ღოღობერიძე
  • მანანა ქველიაშვილი
  • ირმა ზოიძე 
  • საბა წიწიკაშვილი
  • ვლადიმერ ჩხიტუნიძე 
  • ნინო რამიშვილი
  • ნინო კაპანაძე
  • გელა მთივლიშვილი

კრებაზე წევრებს შორის დისკუსია გაიმართა, სადაც ქარტიის წევრებმა მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევაზე ისაუბრეს. წლევანდელ კრებაზე განვიხილეთ ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციები სტრუქტურულ ცვლილებთან დაკავშირებით. 

10.12.2023


ქარტიის პრიზს კა­ტე­გო­რია - „ხალ­ხის რჩე­უ­ლი" 2022 წელს დაემა­ტა.

2023 წელს, ამ კატეგორიის თემა ევროინტეგრაციაა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ უკვე შეარჩია 4 სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვარი, თუმცა, გამარჯვებულს ირჩევთ თქვენ, გამოკითხვის საშუალებით.

ამ კატეგორიის ფინალისტები არიან:

  • ნასტასია არაბული - „წყლის ჭავლთან მოცეკვავე“ 

მასალას გაეცანით აქ 

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე

  • ნინო თარხნიშვილი -   „ქალი ევროკავშირის დროშით” 

მასალას გაეცანით აქ 

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე 

  • ნათია ლევერაშვილი, ალექსანდრე ქეშელაშვილი - „როგორ ვერ მიიღეს რუსული კანონი | პროტესტის ქრონიკა“

მასალას გაეცანით აქ 

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე 

  • თენგიზ გოგოტიშვილი,  გიორგი დულარიძე, ნინო ნაკაშიძე, ნიკოლოზ ვაწაძე, ეკატერინე სარია - „ცხოვრება ევროპულად: სკოლა | რა სარგებლობა მოაქვს EU-ს წევრობას“

მასალას გაეცანით აქ 

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე 

ხმის მიცემა დასრულდება 8 დეკემბერს, 23:59 საათზე.

05.12.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 1-ელ დეკემბერს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათი: გიორგი კაპანაძე „TV ფორმულას" ჟურნალისტის სოფო ვარდიაშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2023 წლის 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და ფაქტები მიზანმიმართულად დაამახინჯა მისი დისკრედიტაციის მიზნით. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტისგანზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

19:00 საათი: თეონა ფანქველაშვილი ტელეკომპანია „სეზონის" ჟურნალისტის ნიკოლოზ მჟავანაძის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2023 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტი შეიჭრა მის პირად ცხოვრებაში და მის მიმართ გააჟღერა შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ფრაზები. 

განმცხადებლი დავობს ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

 

01.12.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 30 ნოემბერს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის ვახო სანაიას წინააღმდეგ

სადავო მასალა 2023 წლის 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა, მიმართვის შემდეგ კი არ შეასწორა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე. 

19:00 საათი: ირმა ჯანჯღავა „TV პირველის" ჟურნალისტების ნოდარ მელაძის და თამთა დოლენჯაშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2023 წლის 28 ოქტომბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტები მაყურებელს განზრახულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტისგანზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

 

30.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ლია ჩახუნაშვილი გახდა. მან ამ პოზიციაზე მარიამ გოგოსაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა.

ქარტიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 7-მა ადამიანმა გამოხატა. ნაწილის განცხადებები არასრული იყო. საბოლოოდ, საბჭო ორ კანდიდატს გაესაუბრა - ნოდარ სირბილაძეს და ლია ჩახუნაშვილს. საბჭოს 9 წევრმა მხარი დაუჭირა ლია ჩახუნაშვილს.

ლია ჩახუნაშვილმა 15 წლის განმავლობაში იმუშავა საქართველოში USAID-ის მიერ მხარდაჭერილ მედიის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე, რომელთაც IREX ახორციელებდა, პროგრამის ხელმძღვანელის და ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციებზე. სხვადასხვა დროს წვლილი შეიტანა ამავე სფეროში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (BBC World Service Trust, MDLF, IREX Europe) საქმიანობაში, როგორც პროგრამის დირექტორმა, კონსულტანტმა და მრჩეველმა. 2007-2009 წლებში იყო კავკასიის მედია სკოლის დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო 2010-2011 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

ლია ჩახუნაშვილმა ჟურნალისტური განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მას ასევე აქვს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (აშშ).

30.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია იმედის, POSTV-ს და რუსთავი 2-ს ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია კომპანია ,,ედისონ რისერჩის’’ მთავარი მრჩეველი ნინო ჯაფარიძე.

სადავო მასალები 2023 წლის 13 ნოემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გააშუქეს, რაც რეპუტაციულ ზიანს აყენებს კომპანიას და არაკვალიფიციურ, მიკერძოებულ კვლევით ინსტიტუციად წარმოაჩენს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

27.11.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „სეზონი TV”-ს ჟურნალისტის ნიკოლოზ მჟავანაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია თეონა ფანქველაშვილი. 

სადავო მასალა 2023 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტი შეიჭრა მის პირად ცხოვრებაში და მის მიმართ გააჟღერა შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ფრაზები. 

განმცხადებლი დავობს ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

22.11.2023

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.