23.01.2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს შეშფოთებას და მკაცრად გმობს თბილისში, ​კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს და ჟურნალისტის დაკავების შემთხვევას. აღნიშნული  ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

2024 წლის 23 იანვარს  თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან  გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, ონლაინ მედია „მაუწყებლის“ ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, “მაუწყებლის” ჟურნალისტი, რატი რატიანი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, რა დროსაც ის პოლიციელმა, უხეში ძალის გამოყენებით, ძირს ჩამოაგდო მანქანიდან. აღნიშნული ქმედებით ჟურნალისტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად  გაუსწორდნენ კიდევ სამ ჟურნალისტს, მათ შორის, ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს. ასევე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს „მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც პოლიციის ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი. 

ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში. მედიის წარმომადგენლებისთვის  პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დაკავება როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, ასევე დემოკრატიულ ინსტიტუტზე თავდასხმას წარმოადგენს. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და უკანონო დაკავების შემთხვევები. მნიშვნელოვანია აღნიშნული ინციდენტების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება, რასაც დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს. 

 

23.01.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 2024 წლის 23 იანვარს ქარტიის საბჭოს წევრის, „მთის ამბების” რედაქტორის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ჟურნალისტი აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს აშუქებდა, რა დროსაც ის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს.  როგორც ქარტიისთვის ცნობილია, ადვოკატს, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრს წარმოადგენს, გელა მთივლიშვილმა უთხრა, რომ დაკავებისას პოლიციელებმა მისი მოგუდვა სცადეს.  

ქარტია კატეგორიულად გმობს გელა მთივლიშვილისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ჟურნალისტი, ასევე სასწრაფოდ გამოიძიონ მისი დაკავებისას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციას შეახსენებს მის ვალდებულებას, ჟურნალისტებს შეუქმნას უსაფრთხო გარემო მუშაობისას. 

23.01.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 2024 წლის 23 იანვარს „მაუწყებლის“ ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში  აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც ის პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიას უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები ფიზიკურად  გაუსწორდნენ ამ მედიასაშუალების კიდევ სამ ჟურნალისტს - ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. პოლიციის ამგვარი ქმედება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ათობით დანაშაული დღემდე გამოუძიებელია. ის ასევე ძირს უთხრის ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, სადაც სრულად არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტების პროფესიული უფლებები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დასჯადია. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს, სწორი კვალიფიკაცია მისცენ ამ ძალადობრივ ქმედებას და დაუყოვნებლივ დაიწყონ  გამოძიება, რათა მოძალადე პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.  

  

19.12.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, დახუროს სხვადასხვა გადაცემა საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე. აღნიშნული შემთხვევა ერთგვარი გაგრძელებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენებისა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს შეფასებას, რომ მაუწყებელი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების”, ზეგავლენის ქვეშ არის, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია, და ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოუმზადებელი ხვდება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაიხურა რამდენიმე გადაცემა, კერძოდ: „დღის კოდი“, „ფერმა“, „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“, „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ,“ „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“, „კაცები”, არხი „ტელესკოლა“ და „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე". აღნიშნული გადაწყვეტილება მენეჯმენტმა საზოგადოებისთვის  შესაბამისი განმარტების გარეშე მიიღო. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ ცვლილებები ფინანსური რესტრუქტირაზაციის გამო ხორციელდებოდა და “... რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება” არ უნდა მომხდარიყო. საგულისხმოა, რომ პასუხგაუცემელია თუ რატომ სახელდება ფინანსური რესტრუქტურიზაცია გადაცემების დახურვის მთავარ მიზეზად, რატომ ხდება ეს 2024 წელს, მაშინ როცა მაუწყებლის დაფინანსების არსებული მოდელი და ბიუჯეტი ორი წელი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ასევე, თუკი საკითხი ფინანსურია, რატომ არ შეთანხმდა „რესტრუქტურიზაციით” გამოწვეული დახურვა სამეურვეო საბჭოსთან. ფაქტია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მორიგ ჯერზეც არ და ვერ შეძლო ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება. კრიტიკული იყო საზოგადოების დამოკიდებულება, მათ შორის, გორგილაძის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია საკუთარი კრიტიკული შეფასებებით „ქართული ოცნების” ცალკეული გადაწყვეტილებების მიმართ, როგორიც იყო, მაგალითად, „რუსული კანონის” მიღება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა სახელმწიფო უწყებებისაგან, ასევე პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. მაუწყებლის პროგრამები უნდა იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და პლურალისტური, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება და დემოკრატიულ დისკურსს უწყობს ხელს. გამჭვირვალობისა და სათანადო განმარტებების გარეშე პროგრამების დახურვა, განსაკუთრებით იმ გადაცემებისა, რომელთა ავტორები ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ამცირებს მაუწყებლის მიმართ ნდობის ხარისხს და ამყარებს ეჭვებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

კოალიცია შეშფოთებით აღნიშნავს იმ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა პროგრამის დახურვას, როგორებიცაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მიერ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და მცდელობა,  შეეცვალა დაფინანსების მოდელი, რომელიც მიზნად ისახავდა ტელევიზიის მთავრობაზე დამოკიდებულების გაზრდას. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო სისრულეში მოყვანილი და საბოლოოდ სხვა მოდელზე მოხდა შეთანხმება. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებაც არ იყო საჯარო დისკუსიის და ფართო კონსენსუსის საგანი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და მმართველი პარტიის დამოკიდებულებამ და ქმედებებმა ნოყიერი ნიადაგი შექმნეს მაუწყებელში ხელისუფლების სასარგებლო პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციისთვის. ტელევიზია არ ფუნქციონირებს, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მედია, არის ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ და ეს განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც ვუახლოვდებით კრიტიკულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს, უზრუნველყოს მაუწყებლის პლურალისტური და ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა, მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, რეალური ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ და მისი მონაწილეობა დიალოგში. 

კოალიცია, ასევე,  მოაწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაცია და ხელი შეუწყოს პლურალისტურ გარემოს შექმნას ქვეყანაში.

18.11.2023

„მაუწყებლის” ინფორმაციით, 2023 წლის 18 ნოემბერს თბილისში, რაჭის ტყეების დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას მათი ჟურნალისტი, რატი რატიანი დააკავეს. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, პოლიციას უხსნიან, რომ რატიანი ჟურნალისტია, თუმცა პოლიციამ ის მაინც დააკავა. 

ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და სამართალდამცავი უწყების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაათავისუფლოს რაჭის ტყეების დასაცავად გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი. 

ქარტია მიიჩნევს, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას. დაუშვებელია, მედიას არ მიეცეს საშუალება, გააშუქოს საპროტესტო აქცია. 

მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა - მედიის საქმიანობის შეზღუდვა, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოდ მუშაობის პირობები, ასევე, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, რომ თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა.

ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.

20.10.2023

2023 წლის 19 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლებს სოფელ  ჭორვილაში შესვლის უფლება არ მისცეს. 

მედია ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მსვლელობის გასაშუქებლად მივიდა, რომლებიც სოფელში შესვლას და აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. პროცესი ადგილზე მყოფ სხვა ადამიანებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განუმარტა, რომ სოფელში მედიის არ შეშვების მიზეზი მათივე უსაფრთხოება და “ქვის ცვენა” იყო. 

ქარტია მიიჩნევს, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა და მედიის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას. დაუშვებელია, მედიას არ მიეცეს საშუალება შევიდეს სოფელში, საჯარო ტერიტორიაზე. ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა - მედიის საქმიანობის შეზღუდვა და პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას. მისცენ ჟურნალისტებს საშუალება თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა და უზრუნველყონ უსაფრთხოდ მუშაობის პირობები. 

ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.

17.10.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება მმართველი პარტიის მიერ “მაუწყებლობის შესახებ კანონში” ინიციირებულ მორიგ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით. 

“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ “კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დახვეწას ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღსაკვეთად, ეფექტური მექანიზმის შექმნას”.  კანონპროექტის თანახმად, 55 (2) მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მარეგულირებელ კომისიაში იქნება შესაძლებელი.

მედიის ადვოკატირების კოალიცია იზიარებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. კოალიციამ და მისმა წევრებმა არაერთგზის განაცხადეს ამის შესახებ და რეგულარულად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროკავშირის მიერ შემუშავებული 12 პრიორიტეტის შესრულება, რაც უზრუნველყოფს, როგორც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ასევე არსებული სერიოზული ინსტიტუციური გამოწვევების დაძლევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია აცნობიერებს სიძულვილის ენის  საკითხის მოგვარების აუცილებლობას.  ამ მიზნით კოალიციამ მაუწყებლებთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს  შეიმუშავა ალტერნატიული წინადადება, ეფექტიანი თანარეგულაციის მექანიზმი, თუმცა მმართველმა პარტიამ აღნიშნული შეთავაზება არ განიხილა. მსგავს მოდელზე საუბრობდნენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებიც ქვეყანაში არსებული კონტექსტის გამო ეფექტიანი თანარეგულაციის შემოღების მომხრენი იყვნენ. მიმდინარე წლის ზაფხულში, მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები კოალიციამ დადებითად შეაფასა, თუმცა არასაკმარისად მიიჩნია მეორე ეტაპის, თანარეგულირების ეფექტიანი მექანიზმის გარეშე.  

მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების  კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიის ადვოკატირების კოალიციისა და მედია ორგანიზაციებს შეშფოთების სრულიად  ლეგიტიმური საფუძველი აქვს. 

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს მაუწყებლებთან კონსულტაციისა და ფართო კონსენსუსის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივა აუდიოვიზულაური მედიამომსახურების შესახებ. 

20.09.2023
ტელეკომპანია ფორმულასა და TV პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფებს ყოფილი მთავარი პროკურორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა. მედია ფარცხალაძით კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, FSB-ის ოფიცერმა ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის.
 
TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე წერს, რომ დღეს, 20 სექტემბერს, ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს და წაართვა სამაუწყებლო აპარატურა, ასევე, ტელეფონი წაართვეს ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს და, სავარაუდოდ, ცდილობდნენ მობილურიდან მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას. 
 
ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, რომ უცნობ პირს ძალის გამოყენებით მიჰყავს ოპერატორები, რა დროსაც ისმის ჟურნალისტის ხმა: “ხელი გაუშვით, რას აკეთებთ”. ასევე, ჟურნალისტი ეკითხება მას ვინაობას და ამბობს, რომ ის ჟურნალისტებზე ძალადობს. “რატომ სცემეთ ჩემი ოპერატორი, მიპასუხეთ”, — ამბობს ჟურნალისტი. კადრში ასევე ისმის სხვა - TV პირველის ჟურნალისტის, სავარაუდოდ, მარიამ გაფრინდაშვილის ხმა, რომელიც მოითხოვს, რომ მობილური დაუბრუნონ.
 
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები გამოწვეულია მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიული რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ.
 
ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ მისცენ პასუხისგებაში TV პირველისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელები.
 
ამასთან, ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან.
 
14.09.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ბოლო პერიოდის საგანგაშო შემთხვევებს, რომელიც მანიშნებელია მედიაგარემოს კიდევ უფრო გაუარესებისა ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს ისედაც რთულ ვითარებაში უწევთ საქმიანობა. სახიფათოა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, თავდასხმები წამყვანი მედიის, “მთის ამბების”, წინააღმდეგ, და მისი მცდელობები, ცენზურას დაუქვემდებაროს დამოუკიდებელი მედია OC Media. საგანგაშოა, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის დახურვასთან დაკავშირებით. 

  • პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აგრძელებს “მთის ამბების” წინააღმდეგ კამპანიას და აგრესიულ რიტორიკას. ის თავს დაესხა რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, და მას “თვითგამოცხადებული ჟურნალისტი” უწოდა. გელა მთივლიშვილის განცხადებით, მედია არ აპირებს პოლიტიკოსებთან დისკუსიაში შესვლას, თუმცა “მისი (შალვა პაპუაშვილის) და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერების ყოველი ასეთი განცხადება აუარესებს მედიის სამუშაო გარემოს და მას უფრო მეტად საშიშს ხდის”.
  • დამოუკიდებელი მედიაგამოცემის, OC Media-ს, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპედის გამოქვეყნებაზე უარის მიღების შემდეგ, უკმაყოფილება გამოთქვა წერილში, რომლითაც გამოცემის დონორებს  მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მედიაგამოცემამ პარლამენტის თავმჯდომარის წარმომადგენელს უარის ობიექტური მიზეზები განუმარტა, პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა, დონორებთან წერილის გაგზავნით მედიასაშუალებაზე გავლენა მოეხდინა და ის ცენზურის ქვეშ მოექცია. 
  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის, საქმის დახურვის შესახებ. მშვილდაძის ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულს საქმეში არსებული ვიდეოკადრები არ მიაწოდა და „ფორმულას“ მიერ ჟურნალისტური გამოძიების დროს აღმოჩენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა.

“ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის პროტესტის შედეგად ვერ შეძლო “რუსული კანონის” მიღება, რომლის მიზანი ქვეყანაში, მათ შორის, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის განადგურება იყო. თუმცა, შალვა პაპუაშვილის განცხადებები და ქმედებები ცალსახად მიანიშნებს, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობს ქმედებებზე “რუსული კანონის” სულისკვეთებით და მედიაზე ზეწოლას ახორციელებს. 

თავდასხმები მედიის მფლობელებზე და დამოუკიდებელ ონლაინ მედიასაშუალებებზე ზეწოლის მცდელობები ძირს უთხრის ჟურნალისტების ძალისხმევას, თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, არამედ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილ დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც ანადგურებს. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მედიის თავისუფლების დასაცავად. ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის სიტყვისა და გამოხატვის  თავისუფლების პრინციპების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

14.09.2023

დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ „ჟურნალისტურ ეთიკაზე და სტანდარტებზე იყოს ჩადარაჯებული”.

„თუკი რაიმეს ვოჩდოგი უნდა იყოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ის უნდა იყოს ჟურნალისტების ვოჩდოგი, ჟურნალისტების მიმართ უნდა ჰქონდეთ ეს დამოკიდებულება და აბსოლუტურად ჩუმად არიან”, - აღნიშნა მან OC Media-ს დონორებთან კომუნიკაციის შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

ქარტია აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია არის ჟურნალისტების დამოუკიდებელი გაერთიანება, შესაბამისად, თავად წევრები წყვეტენ და გადაწყვეტენ, რით უნდა იყოს ეს ორგანიზაცია დაკავებული. ხელისუფლება კი დაკავებული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების სათანადო დასჯით, მედიის კითხვებზე პასუხის გაცემით და არა ინფორმაციის დამალვით, მედიაზე ზეწოლით, შემზღუდავი კანონებისა თუ ბრძანებების მიღების მცდელობებითა და მიღებით.

რაც შეეხება OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაციას, საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაციას გამოეხმაურა იმავე დღეს, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა და მომხდარი თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნის მცდელობად შეაფასა. ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება, პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას. მედიას სრული უფლება აქვს, უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და, მით უმეტეს, არ არის ვალდებული, მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე. 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა, იყო “მთის ამბების” რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მუშაობა შოვში, სტიქიის ზონაში და ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს “მთის ამბებს”. ქარტიის პოზიციაა, რომ შოვის ტრაგედიის გაშუქებისას და შემდეგ ხელისუფლებამ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, რასაც ქარტია მედიის ადვოკატირების კოალიციასთან ერთად გამოეხმაურა. „მთის ამბების“ რედაქტორი მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემუქრება მას საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“. გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმები თავისუფალ, მიუკერძოებელ ჟურნალისტებზე არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ზეწოლას იმ მედიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზეწოლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის წერილობით მიმართვებს თავისუფალი მედიის დონორებისადმი და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, ისე მედიასაშუალებებზე, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, არ ჩაერიოს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და იზრუნოს მედიისთვის თავისუფალი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.