გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – ბადრი ნანეტაშვილი გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ
17.04.2012

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 9 საქმეზე: ბადრი ნანეტაშვილი გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე საბჭოს წევრები: ნინო ზურიაშვილი, ნათია როყუა, დავით მჭედლიძე, მაია მეცხვარიშვილი, ია მამალაძე, ეთერ თურაძე. სხდომას ინტერესთა კონფლიქტის გამო არ ესწრებოდნენ ნათია კუპრაშვილი და გელა მთივლიშვილი. აღწერილობითი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით (დანართი N1) მომართა ბადრი ნანეტაშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე და მეთერთმეტე პრინციპები. განცხადების თანახმად, დარღვევა გამოიწვია "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ვებ გვერდზე (ick.ge) გამოქვეყნებულმა ნიუსმა/სტატიამ სათაურით "ბადრი  ნანეტაშვილი ნათია კუპრაშვილს თავს დაესხა". სტატია შეეხებოდა ინციდენტს, რომელიც მოხდა ნათია კუპრაშვილს და ბადრი ნანეტაშვილს შორის საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-ის ოფისთან. საბჭოს შესაბამისმა წევრებმა განცხადება დასაშვებად ცნეს. საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლის წარმომადგენლები: მერაბ ჩიქოვანი და ლევან გეგეშიძე. განცხადების თანახმად, სტატიაში მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია არის გამოყენებული და ჟურნალისტი მხარის მონათხრობს ფაქტად ასაღებს. განმცხადებლის აზრით, სახეზე არ ყოფილა "თავდასხმა", როგორც არის დაკვალიფიცირებული ბადრი ნანეტაშვილის ქმედება. განმცხადებელი, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს ნიუსის ავტორის არგუმენტს იმის შესახებ, თუ რატომ ვერ იქნა ასახული მეორე მხარის პოზიცია სტატიაში. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტი ცდილობდა ბადრი ნანეტაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ ამ უკანასკნელს გამორთული ჰქონდა ტელეფონი და ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება. განმცხადებლის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ ბადრი ნანეტაშვილს ტელეფონი გამორთული ჰქონდა, სათანადო ინტერესის შემთხვევაში, შეიძლებოდა გამონახულიყო ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყარო, მაგალითად, ნიუსის ავტორს შეეძლო ესარგებლა ელექტრონული ფოსტით ან სოციალურ ქსელ FACEBOOK-ით და მათი მეშვეობით ეცადა მეორე მხარესთან დაკავშირება. განმცხადებელმა მაგალითად მოიყვანა ვებ-პორტალი media.ge და ჟურნალი "ლიბერალი", რომლებმაც, მისი აზრით, სრულად დაიცვეს ბალანსი ახალი ამბის გაშუქებისას. განმცხადებლის მიერ სხდომაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნა დამატებითი განმარტებები, რომლის თანახმადაც, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა სწორედაც დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებით უნდა გამოხატოს პატივისცემა სიმართლისადმი და საზოგადოების უფლებისადმი, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. დაბალანსებული ინფორმაციის ქვეშ იგულისხმება, რომ სტატიაში ჟურნალისტმა არ უნდა ასახოს მხოლოდ ერთი მხარის ვერსია და საზოგადოებას უნდა მისცეს საშუალება, მოუსმინოს ამბის მეორე მხარესაც. ჟურნალისტმა ვერ შეძლო, შეერჩია სტატიის სათაურიც კი და საზოგადოებისათვის ბატონი ბადრი წარმოაჩინა თავმდასხმელად, რითაც განახორციელა კიდევაც ფაქტის განზრახ დამახინჯება, ვინაიდან თვით რესპონდენტი, ქალბატონი ნათია კუპრაშვილი არ უთითებს თავდასხმაზე. გელა მთივლიშვილმა წარმოადგინა შეპასუხება. შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ ნიუსის ავტორმა ბადრი ნანეტაშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო, რაც მასალაში განმარტებულია. ასევე, აღნიშნულია ისიც, რომ ნანეტაშვილს იმ დროისთვის კომენტარი არ ჰქონდა გაკეთებული, ინფორმაცია კი უკვე გავრცელებული იყო სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით. ასევე, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ტელეფონით ესაუბრა რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ნანეტაშვილი ნათია კუპრაშვილს თავს დაესხა, იარაღი დაუმიზნა და ემუქრებოდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაციის მიღებას შს სამინისტროს და მთავარი პროკურატურის პრესსამსახურებისგან შეეცადა, სადაც აღნიშნეს, რომ მოცემული დროისთვის ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებდნენ. შეპასუხებაში, ასევე, ხაზგასმულია, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ნიუსის გავრცელებიდან შემდგომი დღეების განმავლობაშიც პერიოდულად ათავსებდა ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მასში უკვე მეორე მხარის პოზიციაც ჩანდა. სხდომაზე განმცხადებლებმა წარმოადგინეს გელა მთივლიშვილის კომენტარები და სტატუსები (იხ. დანართი), რომლებიც მან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში. ისინი ეხებოდა წინამდებარე განცხადებას და სადავო სტატიას. საბჭოს კითხვაზე, თუ რა მიზნით იქნა წარმოდგენილი ეს დოკუმენტები, განმცხადებელმა უპასუხა, რომ მასალა ადასტურებს, რომ გელა მთივლიშვილი ახდენდა არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას და ამჟღავნებდა ცალსახა ნეგატიურ დამოკიდებულებას  ბადრი ნანეტაშვილის მიმართ. მხარე საბჭოს წევრებმა დამატებით გამოკითხეს. განმცხადებლის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხარის პოზიცია იყო ხელმისაწვდომი, სტატიის ავტორს მაინც შეეძლო მეტ-ნაკლებად უზრუნველეყო ინფორმაციის ობიექტურად გაშუქება დამატებითი კითხვების დასმით: რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ ესწრებოდა და ა.შ. განმცხადებლის აზრით, ვინაიდან ინციდენტი მოხდა 21 დეკემბერს და იგი უკვე გაშუქებული იყო სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, ინფორმაცია არ წარმოადგენდა ექსკლუზივს და ოპერატიულობაზე მეტად აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ინფორმაციის სისრულეზე. შესაბამისად, მასალის მომზადებისას ავტორი უნდა დალოდებოდა, თუ როდის შეძლებდა მეორე მხარის პოზიციის მოსმენას და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაევრცელებინა ნიუსი. რაც შეეხება ფაქტის მიჩქმალვას, განმცხადებლის პოზიციით, ნათია კუპრაშვილმა თავისსავე FACEBOOK-გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ინციდენტში მონაწილეობდა მისი მეუღლე, შესაბამისად, ივარაუდებოდა რომ ეს ინფორმაცია იცოდა სტატიის ავტორმა და, შესაბამისად, ვინაიდან არ გამოაქვეყნა" სახეზე იყო ფაქტის მიჩქმალვა. სამოტივაციო ნაწილი ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია." აღნიშნული პრინციპის თანახმად, სტატიაში  უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. თუ მან მაინც ვერ შეძლო ინფორმაციის მიღება ყველა იმ წყაროდან, საიდანაც ინფორმაციის მიღება უზრუნველყოფდა მის სიზუტეს, უნდა ჩანდეს მცდელობა, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე იხმარა ასეთ წყაროებთან დასაკავშირებლად. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ნიუსი მომზადებულია მხოლოდ ერთი მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით. აღნიშნულ ფაქტს, როგორც უდავო გარემოებას, ორივე მხარე ადასტურებს. საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომელიც მან ზეპირი გამოკითხვისას დააფიქსირა, რომ თუ ჟურნალისტს არა აქვს საშუალება მიიღოს ინფორმაცია ყველა მხარისაგან, მან ასეთი ინფორმაციის გაშუქებისაგან თავი უნდა შეიკავოს, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ ჟურნალისტმა არ უნდა უზრუნველყოს ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. თუ ჟურნალისტი ვერ ახერხებს ყველა საჭირო წყაროდან ინფორმაციის მიღებას, მან უნდა განახორციელოს ყველა ქმედება იმისათვის, რომ ინფორმაციის მიმღებისათვის ნათელი იყოს, თუ რამდენადაა გადმოცემული ინფორმაცია ზუსტი. მართალია, თვით სადავო ნიუსის ტექსტში ჟურნალისტი უთითებს, რომ ბადრი ნანეტაშვილთან დაკავშირება ვერ მოახერხა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სტატიაში "თავდასხმა", როგორც დადასტურებული ფაქტი, ისეა გაშუქებული. სტატიაში ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ მითითებულია თავად ნათია კუპრაშვილი, შესაბამისად, ჟურნალისტი ყოვლად მოკლებული იყო ობიექტურ შესაძლებლობას, რომ ინციდენტი "თავდასხმად" შეეფასებინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტატიის სათაური – "ბადრი ნანეტაშვილი ნათია კუპრაშვილს თავს დაესხა", რომელიც მტკიცებით ფორმაშია მოცემული. ისეთი ინფორმაციის გაშუქებისას, რომელიც, შესაძლებელია, ჟურნალისტმა ვერ გადაამოწმოს ყველა სათანადო წყაროსთან, ჟურნალისტმა უნდა მიუთითოს ის კონკრეტული წყარო, რომლიდანაც მიიღო ინფორმაცია. შესაბამისად, ჟურნალისტს სტატიის სათაურშივე შეეძლო მიეთითებინა "ნათია კუპრაშვილის აზრით", "ნათია კუპრაშვილის პოზიციით", რითაც აღნიშნავდა, რომ ინციდენტის, როგორც "თავდასხმის" კვალიფიკაცია ეკუთვნოდა ნათია კუპრაშვილს, ამით, ერთის მხრივ  შეძლებდა, ზოგადად, ინფორმაციის გაშუქებას, მეორე მხრივ, ხაზს გაუსვამდა, რომ შეფასება წარმოადგენდა ერთი კონკრეტული პირის მოსაზრებას და არა - ჟურნალისტისა, როგორც ობიექტური დამკვირებლისა. წარმოდგენილ სტატიაში ასეთი სტანდარტი დაცული არ არის, რითაც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, კერძოდ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, როგორც ფაქტი, და  ზუსტი ინფორმაცია, ისე მიეწოდა  საზოგადოებას. საბჭომ, ასევე, იმსჯელა, რამდენად იხმარა ჟურნალისტმა ყველა ღონე, რათა დაკავშირებოდა მეორე მხარეს. თვით სტატიაში მითითებულია, რომ ჟურნალისტი დაუკავშირდა ბადრი ნანეტაშვილს, რომელსაც ტელეფონი გამორთული ჰქონდა. შეპასუხებაში კი მითითებული იყო ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომელსაც ჟურნალისტმა მიმართა ინფორმაციის სრულად მისაღებად. ქარტიის საბჭოს არა აქვს ეჭვის საფუძველი, რომ დაუშვას შეპასუხებაში მითითებული ფაქტების არამართებულობა, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის ძალისხმევის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ წინამდებარე განცხადების განხილვისას და, შესაბამისად, საჭირო იყო თვით სტატიაში იმის მითითება, თუ რა გააკეთა ჟურნალისტმა ინფორმაციის მისაღებად და რამ შეუშალა ხელი მას ამ მცდელობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატიაში არ ჩანს მცდელობა და, შესაბამისად, ირღვევა ქარტიის პირველი პრინციპი. საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ დარღვეულია ჟურნალისტური  ეთიკის ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპები. მე–3 პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია." განმცხადებელმა ვერ დაადასტურა, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ჟურნალისტი განსახილველ სტატიასთან დაკავშირებით, რომლის გამოუქვეყნებლობითაც დაირღვა მე–3 პრინციპი. განმცხადებლის მითითება, რომ ნათია კუპრაშვილმა ინციდენტში მისი მეუღლის მონაწილეობის შესახებ განაცხადა სოციალურ ქსელ FACEBOOK-ის გვერდზე, ვერ ჩაითვლება იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ ეს იცოდა ჟურნალისტმა სტატიის მომზადებისას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–11 პრინციპის თანახმად, "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება" საბჭოს აზრით, არც განცხადებაში მოყვანილი და არც ზეპირი გამოკითხვისას დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მე–11 პრინციპის დარღვევას. ფაქტის განზრახ დამახინჯების ერთ-ერთ წინაპირობას თვით ფაქტის სრულად ცოდნა წარმოადგენს, როგორც განმცხადებელი აპელირებდა, იგივე დაასკვნა საბჭომაც, სტატიის მომზადებისას ავტორს სრული ინფორმაცია არ ჰქონდა ფაქტზე და, შესაბამისად, მის დამახინჯებასაც არ ჰქონია ადგილი. სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
  1. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრმა, გელა მთივლიშვილმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი  პრინციპი.
  2. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრს, გელა მთივლიშვილს  არ დაურღვევია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-3 და მე-11  პრინციპები.
  3. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ქარტიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.