გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეებზე – მეცხრე არხი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მაია მეცხვარიშვილის, დავით მჭედლიძისა და ირაკლი მანაგაძის წინააღმდეგ
08.12.2013

განმცხადებელი : ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი;
მოპასუხე : დავით მჭედლიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება N __

 

___________ 2013  წელი

საქმეებზე ტელეკომპანია „მეცხრე არხი“  –  მაია მეცხვარიშვილის, დავით მჭედლიძის და ირაკლი მანაგაძის წინააღმდეგ.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი  –  მაია მეცხვარიშვილის, დავით მჭედლიძის და ირაკლი მანაგაძის წინააღმდეგ.

საბჭოს თავმჯდომარე: გია მგელაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ლაშა ზარგინავა, ირაკლი აბსანძე, ნათია კუპრაშვილი, ნათია როყუა, ია მამალაძე.

განმცხადებლები: ტელეკომპანია „მეცხრე არხი“

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

წევრები: მაია მეცხვარიშვილი, დავით მჭედლიძე, ირაკლი მანაგაძე.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს  ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ და „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“. საბჭოს  შესაბამისმა წევრებმა  განცხადებები დასაშვებად ცნეს.

ვინაიდან სადავო სტატიები ორივე განცხადების შემთხვევაში ერთი და იგივე ჟურნალისტური ნამუშევარი იყო, საბჭოს მიერ  განცხადებები განხილული იქნა ერთი სხდომის ფარგლებში და მიღებულ იქნა საერთო გადაწყვეტილება.

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ განცხადების თანახმად   ჟურნალისტებმა: მაია მეცხვარიშვილმა  (როგორც ინტერნეტ გამოცემა “netgazeti.ge”_ს რედაქტორმა), დავით მჭედლიძემ (როგორც media.ge_ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორმა) და ირაკლი მანაგაძემ (როგორც სააგენტო „ექსპრესნიუსის“ რედაქტორმა) დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  პირველი, მესამე და მეხუთე პრინციპები.

განცხადების თანახმად, პრინციპები დაირღვა შემდეგ სტატიებში:

netgazeti.ge: “ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიამ საგრანტო დაფინანსება მოიპოვა” http://www.netgazeti.ge/GE/105/News/18995/

ექსპრესნიუსი -“მილიარდერი პრემიერის ტელევიზიას დამატებით ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი დააფინანსებს” http://www.epn.ge/?p=146970

media.ge – “მეცხრე არხმა” საგრანტო დაფინანსება მოიპოვა” http://www.media.ge/stories/metskhrearkhmasagrantoda

განმცხადებლის პოზიციით სახეზე იყო არასწორი ინფორმაციის გავრცელება, კერძოდ, სტატიების თავდაპირველ ვარიანტებში მითითებული იყო, რომ  მეცხრე არხმა მიიღო საგრანტო დაფინანსება, რაც სინამდვილეს არ შეეფერებოდა და რეალურად მეცხრე არხის დაფინანსება მოხდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე.

განმცხადებელი „მეცხრე არხი“  თავის განცხადებაში ასევე უთითებს, რომ: მიუხედავად იმისა, რომ “ნეტგაზეთი”-სა და “მედია.გე”-ს მომდევნო მასალებში ჩვენი არხის პოზიცია ოფიციალური განცხადების სახით გამოქვეყნდა და “ნეტგაზეთმა” თავისივე გვერდზე სტატიის ბოლო ნაწილში (რომელიც მანამდე გაზიარებული და ნანახი ჰქონდა არაერთ მომხმარებელს) გამოაქვეყნა შენიშვნის სახით [სწორი]ინფორმაცია …… ვთვლით, რომ მაინც დაირღვა ჟურნალისტური ქარტიის პრინციპი“.

განმცხადებელი „მეცხრე არხი“   აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა,  რომ თითოეულ მედია საშუალებას ხელთ ჰქონდა პრეს რელიზი, სადაც ხაზგასმით იყო მითითებული, რომ დაფინანსების საფუძველს წარმოადგენდა ტენდერი და არ გრანტი, მაინც დაშვებული იქნა შეცდომა  და ჟურნალისტებმა მიუთითეს ტერმინი „გრანტი“, შინაარსობრივად „გრანტს“  და „ტენდერს“ შორის დიდი განსხვავებაა.

განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ „მეცხრე არხი“ არხი  “ივანიშვილის ოჯახის ტელევიზია” არ არის.  საფუძვლად  უთითებს შემდეგ გარემოებას:  „ტელეკომპანიის 100% წილის მფლობელია, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “აქცეპტი” (s/k 206335143), რომლის 80% წილის მფლობელია ეკატერინა ხვედელიძე)“.

ყოველივე ზემოაღნიშნულად გამომდინარე განმცხადებელ მეცხრე არხი თვლის, რომ: „არაჯეროვანი ინფორმაციის გავრცელებით, ცალსახად ირღვევა “ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის”, პირველი, მესამე და მეხუთე პრინციპი“.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის  განცხადების თანახმად ურნალისტებმა  მაია მეცხვარიშვილმა, დავით მჭედლიძემ და  ირაკლი მანაგაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მესამე და მეხუთე პრინციპები, ხოლო მაია მეცხვარიშვილთან მიმართებით ფონდი ასევე თვლიდა, რომ დაირღვა მე_4 და მე_11 პრინციპები.  კერძოდ, ფონდის დირექტორთან, ქეთევან ვაშაკიძესთან წარმოებული სატელეფონო საუბარი netgazi.ge_ მა გამოაქვეყნა სიტყვა – სიტყვით, რედაქტირების გარეშე და თან დაურთო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ლოგო.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა განცხადებაში ხაზი გაუსვა მის უარყოფით დამოკიდებულებას იმ აქცენტების მიმართ, რომლებსაც შეიცავდნენ სადავო სტატიები და ეხებოდნენ მე_9 არხის მფლობელთა ქონებრივ სტატუსს.

განცხადებებთან დაკავშირებით შეპასუხებები წარმოადგინეს მაია მეცხვარიშვილმა დავით მჭედლიძემ.

მაია მეცხვარიშვილმა შეპასუხებაში აღნიშნა რომ განცხადების შეტანის მომენტისათვის სადავო სტატიის სათაურიც და შინაარსიც შეცვლილი იყო,  ამდენად, სადაო მასალა არ არსებობს და არ არსებობდა არც იმ მომენტისთვის, როდესაც განმცხადებელმა საბჭოს მიმართა“, მიუთითა მაია მეცხვარიშვილმა. შეპასუხებიდან  საბჭოსათვის ასევე ცნობილი გახდა, რომ netgazeti.ge_მ  25 აპრილს გამოაქვეყნა აღნიშნულ თემაზე ორივე მხარის პოზიცია,  ცალ-ცალკე, „მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ სრულყოფილად განემარტათ მკითხველისთვის, საზოგადოებისთვის საკუთარი პოზიციები და მიეწოდებინათ კიდევ უფრო დეტალური ცნობები აღნიშნულ საკითხზე“.

დავით მჭედლიძემ  შეპასუხებაში მიუთითა, რომ მართალია სტატია არასწორი სათაურით გამოქვეყნდა, მაგრამ ამ სტატიის მომზადებისას იგი ესაუბრა  რამაზ სამხარაძეს, დეტალების დაზუსტების მიზნით და დავით მჭედლიძის განცხადებით რამაზ სამხარაძეს სტატიის შინაარსთან და სათაურთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.

მეხუთე მუხლთან დაკავშირებით დავით მჭედლიძე აღნიშნავდა, რომ მან გამოაქვეყნა netgazeti.ge ის მასალა, რომელიც შეიცავდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორის განმარტებას, ასევე უცვლელად განთავსდა media.ge ზე მეცხრე არხის პრეს რელიზი.

ირაკლი მანაგაძეს შეპასუხება არ წარმოუდგენია.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც მაია მეცხვარიშვილმა წარმოადგინა შეპასუხება, მეცხრე არხმა დამატებით მიაწოდა საბჭოს მოსაზრებები, რომლებიც ეხებოდა მაია მეცხვარიშვილის შეპასუხებას.  მოსაზრების თანახმად მეცხრე არხი უკმაყოფილო იყო იმ ადგილით, სადაც განთავსდა netgazeti.ge_ს რედაქციის განმარტება დაშვებული უზუსტობის შესახებ, მეცხრე არხის განცხადებით ეს გამარტება უნდა ყოფილიყო ჰედლაინის სახით და არა კომენტარის.

საქმის განხილვას სწრებოდა განმცხადებელ „მეცხრე არხის“  წარმომადგენელი რამაზ სამხარაძე, განმცხადებელ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ წარმომადგენელი ქეთევან ვაშაკიძე, მოპასუხეები: მაია მეცხვარიშვილი, დავით მჭედლიძე და ირაკლი მანაგაძე.

როგორც განმცხადებლები, ისე მოპასუხეები  საბჭოს წევრების მიერ სხდომაზე დამატებით იქნენ გამოკითხულნი.

გამოკითხვის პროცესის დაწყებამდე განხილული იქნა საკითხი საბჭოს წევრების შესაძლო ინტერესის კონფლიქტის შესახებ. ვინაიდან ნათია როყუა და ლაშა ზარგინავა წარმოადგენენ „მეცხრე არხის“ მოქმედ თანამშრომლებს მათ განაცხადეს, რომ  არ მიიღებდნენ  მონაწილეობას საქმის განხილვის დახურულ ნაწილში, როდესაც ხდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა.

შეკითხვების დროს, რამაზ სამხარაძემ დაადასტურა, რომ „მეცხრე არხის“ მიერ საბჭოსათვის განცხადებით მიმართვის მომენტისათვის, netgazeti.ge_ს სადავო სტატიის სათაური და შინაარსი გასწორებული ჰქონდა და სტატია აღარ შეიცავდა ფაქტობრივ შეცდომებს.  რამაზ სამხარაძემ დააზუსტა რომ „მეცხრე არხი“ არ იყო კმაყოფილი იმით, რომ netgazeti.ge_მ  დაშვებული უზუსტობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა  კომენტარის სახით და არ განათავსა მთავარ ინფორმაციათა შორის. გამოკითხვის დროსაც აქტუალური იყო განმცხადებლის პრეტენზიები ბიძინა ივანიშვილის მეცხრე არხთან დაკავშირების თაობაზე,.

media.ge სთან მიმართებით რამაზ სამხარაძემ განმარტა, რომ „მეცხრე არხის“ მიერ განცხადების შემოტანის მომენტისთვისაც  არ  იყოს გასწორებული დაშვებული უზუსტობა, კერძოდ სტატიის სათაური კვლავ შეიცავს ტერმინ  „გრანტს“.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გაიზიარა „მეცხრე არხის“ არგუმენტაცია, პირველ, მესამე და მეხუთე პრინციპებთან  მიმართებით, მე-4 პრინციპთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნა კი უკან გაიხმო.  ქეთევან ვაშაკიძემ დამატებით განმარტა, რომ მიუხედავად netgazeti.ge _ს მიერ უზუსტობის გამოსწორებისა ქარტიის პრინციპები მაინც დარღვეულად უნდა ჩაითვალოს.

გამოკითხვის დროს მაია მეცხვარიშვილმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ შეპასუხებას. ასევე აღწერა ის დეტალები თუ როგორ და რა ვადებში მოხდა უზუსტობის გასწორება.  ბიძინა ივანიშვილის მეცხრე არხთან კავშირის თაობაზე  მაია მეცხვარიშვილმა საბჭოს განუცხადა, რომ მან ასახა რეალური ფაქტი და ბიძინა ივანიშვილი მართლაც წარმოადგენს მეცხრე არხის მესაკუთრეს.

დავით მჭედლიძემ დაადასტურა ის ფაქტი რომ  პრეს რელიზის გარდა მან დამატებით რამაზ სამხარაძესთან გადაამოწმა „მეცხრე არხის“   მიერ მიღებული თანხების სამართლებრივი ბუნება. ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ ჯეროვნად არ იქნა შესწორებული დაშვებული უზუსტობა.

ირაკლი მანაგაძემ განაცხადა, რომ მის მიერაც მოხდა სტატიის ჩასწორება, რომელიც ეხებოდა „მეცხრე არხის“  დაფინანსების მოპოვება, ოღონდ ჩასწორება შეეხო არა ტერმინებს „გრანტი“  ან  „ტენდერი“ , არამედ გასწორდა ინფორმაცია კრიტერიუმების შესახებ, კერძოდ, სტატიის პირვანდელი  ვერსიის თანახმად უცნობი იყო ის კრიტერიუმი, რომლებითაც ხელმძღვანელობდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ტენდერის დროს. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან შემდგომი კომუნიკაციის საფუძველზე,  ექსპრესნიუსის საიტზე განთავსებულ სტატიაში განხორციელდა ცვლილება და მიეთითა კრიტერიუმები.

განცხადებების და მხარეთა გამოკითხვის საფუძველზე შესაძლებელია მივიჩნიოთ, რომ განმცხადებლების პრეტენზიები ეხებოდა ძირითადად ორ ფაქტს: მოპასუხეების მიერ ტერმინ  „ტენდერის“  ნაცვლად „გრანტის’ გამოყენებას და ბიძინა ივანიშვილის, როგორც მილიარდელის დაკავშირებას ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“.

სამოტივაციო ნაწილი

ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დადგენილად მიიჩნია საბჭომ და ვრცელდება სამივე მოპასუხეზე:

 

  • მეცხრე არხის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად ცალსახა იყო, რომ  „მეცხრე არხის“  მიერ დაფინანსების მოპოვების საფუძველი იყო ტენდერი და არა გრანტი, შესაბამისად დაფინანსების საფუძვლად „გრანტის“ მითითება არაზუსტ ინფორმაციას წარმოადგენდა.
  • ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად ტელეკომპანია „მეცხრე არხის“  ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე, რომელიც იმავდროულად არის ბიძინა ივანიშვილის მეუღლე. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არსებობს პრეზუმცია, რომ  მეუღლეთა მიერ შეძენილი აქტივი წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას, შესაბამისად ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მესაკუთრე, წარმოადგენს სწორ და გადამოწმებულ ფაქტს.

ფაქტობრივი გარემოებები რომლებიც დადგენილ იქნა მაია მეცხვარიშვილთან მიმართებით:

  • netgazeti.ge _ს მიერ მომზადებული სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ტერმინ „ტენდერის“ ნაცვლად მითითებული იყო „გრანტი“.
  • მასალის გამოქვეყნებიდან მალევე, დაახლოებით საათნახევარში, მოხდა უზუსტობის გასწორება და დღეს დღეობით სტატია თავდაპირველი სახით აღარ იძებნება.
  • netgazeti.ge _მ, უზუსტობის გასწორების პარალელურად, იმავე სტატიას შენიშვნის სახით დაურთო ინფორმაცია დაშვებული შეცდომის შესახებ და გამოაქვეყნა სტატია სათაურით:            ” ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს  მე-9 არხისთვის გრანტი არ მიუცია“, სადაც უცვლელად და სრულად გადმოსცა მხარეთა პოზიციები და მათი პრეტენზიები სტატიის პირვანდელ ვერსიასთან დაკავშირებით.

შეფასებითი ნაწილი მაია მეცხვარიშვილთან მიმართებით:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად საბჭო მიიჩნევს, რომ მართალია სტატიის

პირვანდელ ვერსიაში დაშვებული იყო ფაქტობრივი უზუსტობა, მაგრამ  რედაქციის მიერ მყისიერად მოხდა ამ უზუსტობის გასწორება. აღნიშნული ქმედება ზუსტად შეესაბამება საბჭოს რეკომენდაციას –  რომ  ხარვეზის შემცველი სტატია აღარ უნდა იძებნებოდეს და საბჭოს  პრაქტიკას –  რომ თუ  ხარვეზის გასწორება ხდება გონივრულ ვადაში, აღნიშნული ხარვეზი ქარტიის პრინციპების დარღვევად არ ჩაითვლება.  საბჭო მიიჩნევს, რომ არაზუსტი ინფორმაციის ჩასწორება დაახლოებით საათნახევარში, netgazeti.ge _სათვის გონივრული ვადაა. საბჭო ასევე აღნიშნვას, რომ არა მარტო გასწორდა ხარვეზი, არამედ  აღიარებული იქნა ასეთი ხარვეზის არსებობა და დამატებითი განმარტებები გაკეთდა შენიშვნის და ცალკე სტატიის სახით. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ მაია მეცხვარიშვილის განზრახვა არ ყოფილა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, პირიქით მან ყველა ზომა იხმარა იმისათვის, რომ ოპერატიულად მომხდარიყო არაზუსტი ფაქტის გასწორება და ასევე არ მიჩქმალა ინფორმაცია დაშვებული შეცდომის შესახებ, დამატებითი სტატიის გამოქვეყნებით კი შექმნა შესაძლებლობა, რომ დაინტერესებულ პირს მიეღო სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გახდა მეცხრე არხის დაფინანსების საფუძველი.

საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლების უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ  შენიშვნა დაშვებული შეცდომის შესახებ netgazetma.ge_იმ განათავსა ისევ სტატიის ქვეშ და არ გაიტანა ჰედლაინად. მასალების განთავსების  პრიორიტეტების შერჩევა წარმოადგენს მედია საშუალების დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის საგანს და მასში არაგონივრული ჩარევა ყოვლად მიუღებელია. მთავარია, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საჭიროების შემთხვევაში აქვს საშუალება სრულად მიიღოს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებზე.

ფაქტობრივი გარემოებები რომლებიც დადგენილ იქნა დავით მჭედლიძესთან  მიმართებით:

 

  • დავით მჭედლიძის მიერ მომზადებულ მასალაში დაშვებული იყო შეცდომა და ნაცვლად ტერმინისა „ტენდერი“ გამოყენებული იყო „გრანტი“.
  • დაშვებული უზუსტობა არ იყო გასწორებული საქმის განხილვის მომენტისათვის.

შეფასებითი ნაწილი დავით მჭედლიძესთან  მიმართებით:

საბჭო თავდაპირველად საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ დავით მჭედლიძემ ყველა ღონე იხმარა, რათა მიეღო ზუსტი ინფორმაცია, კერძოდ ჰქონდა პირადი მიმოწერა  რამაზ სამხარაძესთან სტატიაში აღწერილ საკითხთან დაკავშირებით.  სამწუხაროდ, მიუხედევად მიღებული ზომებისა სტატია შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას და  არ იყო გასწორებული, მიუხედავად იმისა, რომ დავით მჭედლიძისთვის უკვე ცნობილი იყო რომ ტერმინ „გრანტის“ გამოყენება არაზუსტი იყო.  საბჭო ვერ ჩათვლის შეცდომის გასწორებად media.ge ის მიერ საკუთარ ვებ გვერდზე netgazeti.ge_ს სტატიის გამოქვეყნებას, სათაურით: „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს  მე-9 არხისთვის გრანტი არ მიუცია“, აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებით არ გასწორებულა დაშვებული უზუსტობა და არც დავით მჭედლიძეს უღიარებია პირდაპირ ამის შესახებ.

ფაქტობრივი გარემოებები რომლებიც დადგენილ იქნა ირაკლი მანაგაძესთან  მიმართებით:

 

  • „მეცხრე არხი “_ს მიერ გავრცელებული რელიზი არ შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა „მეცხრე არხი“_ს ტენდერში გამარჯვებულად მიჩნევა.
  • „ექსპრესნიუსზე“ გამოქვეყნებული სტატიის ტექსტში სამჯერ არის გამოყენებული ტერმინი „ტენდერი“ და ერთხელ – „გრანტი“.

შეფასებითი ნაწილი ირაკლი მანაგაძესთან  მიმართებით:

საბჭო არ თვლის რომ სტატიის თავდაპირველ ვარიანტში ინფორმაციის მითითებით, რომ „კრიტერიუმები უცნობია“, მოხდა არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება, ვინაიდან კრიტერიუმები მართლაც არ იყო მითითებული გავრცელებულ რელიზში. ამასთან, სტატიის ავტორის მიერ მალევე მოხდა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება კრიტერიუმების შესახებ და   სტატიაში შესწორების  (დამატების) განხორციელება.

რაც შეეხება ტერმინ „გრანტის“ გამოყენებას, აღნიშნული ტერმინი გამოყენებული იქნა მხოლოდ ერთხელ, იმის პარალელურად რომ „ტენდერი“ მოხსენიებულია სამჯერ. კონტექსტის გათვალისწინებით,  ობიექტური მკითხველისათვის შეცნობადი იქნება, რომ „მეცხრე არხის“   დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა ტენდერი  და არა გრანტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:

  1. დადგენილად იქნას მიჩნეული, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  წევრს, მაია მეცხვარიშვილს, არ დაურღვევია ქარტიის არც  ერთი პრინციპი.
  2. დადგენილად იქნას მიჩნეული საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  წევრის, დავით მჭედლიძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპების დარღვევა.
  3. დადგენილად იქნას მიჩნეული, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  წევრს, ირაკლი მანაგაძეს, არ დაურღვევია ქარტიის არც  ერთი პრინციპი.