გადაწყვეტილებების ძიება

ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი საქმეზე "საპარლამენტო უმრავლესობა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ-
23.06.2015

განმცხადებელი : საპარლამენტო უმრავლესობა;
მოპასუხე : ინგა გრიგოლია;
დარღვეული პრინციპები : გადაწყვეტილება ვერ მიიღო;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი

 

საქმე: საპარლამენტო უმრავლესობა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი

საქმე: საპარლამენტო უმრავლესობა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ირაკლი აბსანძე, გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, ნინო ნარიმანიშვილი, მაია მეცხვარიშვილი

2015 წლის 23 აპრილს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა                  საპარლამენტო უმრავლესობამ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2015 წლის 20 მარტის გადაცემა "რეაქციის" შესახებ გაკეთებულ ანონსებში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

საქმის განხილვაზე გამოცხადნენ განმცხადებლის წარმომადგენლები ხათუნა ჩარკვიანი და გრეტა წიწავა. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას 2015 წლის 20 მარტის საავტორო გადაცემის - "რეაქციის" მთავარ თემას წარმოადგენდა ოპოზიციის მიერ 21 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქცია. აღნიშნულ გადაცემასთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიამ გააკეთა ანონსები, სადაც განაცხადა:

"ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ჩვენი სტუმრები იქნებიან ირმა ნადირაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენგან კატეგორიულად მოითხოვა, რომ ეს თემა არ გაშუქებულიყო თოქ შოუს ფორმატში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ განგვიცხადეს, რომ გადაცემაში არ მოვლენ. ვნახოთ მოვლენ თუ არა. ჩვენ რასაკვირველია ხელისუფლების მოთხოვნას არ ვემორჩილებით, რა თემა უნდა გავაშუქოთ და რა არა"

"მთავარია გადაიფიქრებს თუ არა ხელისუფლება ზუსტად იგივე ქმედებას, რაც თავის დროზე 2006 წელს ამ სტუდიაში სწორედ რეაქციის ბოიკოტირებით დაიწყო"

თავად გადაცემაში ზემოაღნიშნულ საკითხს ინგა გრიგოლია კიდევ ორჯერ შეეხო:

გადაცემის დასაწყისში, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა გადაცემაში მონაწილეობაზე, თუ გადაცემის მთავარი თემა იქნებოდა 21 მარტის ოპოზიციის საპროტესტო მიტინგი და კიდევ ერთხელ შეადარა ხელისუფლების უარი 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მონიტორინგს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლევან იზორიასთან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ დააზუსტა რომ ხელისუფლება უარს ამბობდა კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით მომზადებულ გადაცემაში მონაწილეობაზე.

განმცხადებლის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს საბჭოს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ნადვილად უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილოებაზე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით და სახეზე არ იყო ბოიკოტი ზოგადად გადაცემის მიმართ და მით უმეტეს არ მოუთხოვიათ, რომ საერთოდ არ გაშუქებულიყო გადაცემით ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია.

როგორც უკვე აღინიშნა საქმის განხილვაში მონაწილეობდა საბჭოს ექვსი წევრი, რომელთა შორის ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით დამოკიდებულება ორად გაიყო.

საბჭოს სამმა წევრმა ჩათვალა, რომ ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან:

  1. ანონსში ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენგან კატეგორიულად მოითხოვა, რომ ეს თემა არ გაშუქებულიყო თოქ შოუს ფორმატში". როგორც შემდგომ დადგინდა, ასეთ მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია. თავის მხრივ თემის არ გაშუქების მოთხოვნა მძიმე ბრალდებაა და გულისხმობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს [მუხლი 154 "ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა]. ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება უხეშად ერევა ჟურნალისტის საქმიანობაში, ცდილობს აუკრძალოს მას ამა თუ იმ თემის გაშუქება.
  1. გადაცემაში მონაწილეობაზე ხელისუფლების უარის შედარება 2006 წლის ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტთან იყო არარელევანტური. აღნიშნული ბოიკოტის დროს ნაციონალურმა მოძრაობამ საერთოდ ყველა გადაცემაში მონაწილოებაზე განაცხადა უარი, ხოლო ამ შემთხვევაში ხელისუფლება თავს იკავებდა კონკრეტულ თემასთან დაკავშირებულ გადაცემაში მონაწილეობისაგან.
  1. ძირითად გადაცემაში ჟურნალისტს პირდაპირ არ უარყვია, რომ ანონსში გაჟღერებული განცხადება ["ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენგან კატეგორიულად მოითხოვა, რომ ეს თემა არ გაშუქებულიყო თოქ შოუს ფორმატში"] არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მართალია გადაცემაში ჟურნალისტი სწორად აღწერს გარემოებებს, მაგრამ ძალაში რჩება ანონსში გაჟღერებული განცხადება და მაყურებლისთვის არ არის ნათელი, რომ "თემის არ გაშუქების მოთხოვნა" არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ასევე დასაშვებია, რომ პირთა გარკვეულმა რაოდენობამ ნახა მხოლოდ ანონსი და არა გადაცემა, შესაბამისად მათ დარჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევას.

საბჭოს დანარჩენმა სამმა წევრმა ჩათვალა, რომ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან:

  1. ანონსში გაკეთებულ განცხადებას - "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ჩვენგან კატეგორიულად მოითხოვა, რომ ეს თემა არ გაშუქებულიყო თოქ შოუს ფორმატში. მოსდევს შემდეგი წინადადება: "წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ განგვიცხადეს, რომ გადაცემაში არ მოვლენ". ამ ორი წინადადების გონივრული შეჯერების შედეგად მაყურებლისათვის შეცნობადი იყო, რომ ხელისუფლებამ უარი განაცხადა კონკრეტულ გადაცემაში მონაწილეობისაგან და არ მოუთხოვია ზოგადად თემის არ გაშუქება. მეორე წინადადება აზუსტებს პირველს და იძლევა სრულ სურათს არსებული და სწორი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
  1. გადაცემაში ინგა გრიგოლია აღარ ახსენებს, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა მის მიმართ მოთხოვნას, რომ არ გაეშუქებინა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, არამედ ჟურნალისტი აზუსტებს, რომ მან უმრავლესობისგან უარი მონაწილოებაზე კონკრეტულ გადაცემასთან დაკავშირებით მიიღო, ამით ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა ზუსტი ინფორმაცია.

ქარტიის შიდამარეგლამენტირებული დოკუმენტების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს მინიმუმ ხუთი წევრი, განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ოდენობით მხარდაჭერა ვერ მიიღო ვერც ერთმა პოზიციამ და შესაბამისად საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.