გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე "ავთანდილ საყვარელიძე დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ-
21.07.2015

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 58 24 მაისი 2015 წელი საქმეზე - გადაწყვეტილება N 58 24 მაისი 2015 წელი საქმეზე - ავთანდილ საყვარელიძე დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი საბჭოს წევრები: ირაკლი აბსანძე, გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი, ნინო ნარიმანიშვილი. განმცხადებელი: ავთანდილ საყვარელიძე არაწევრი ჟურნალისტი:   დიტო ჩუბინიძე აღწერილობითი ნაწილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა                  ავთანდილ საყვარელიძემ, განცხადების თანახმად გაზეთ "ასავალ - დასავალის" 2015 წლის        9–15 მარტის ნომერში გამოქვეყნებული სტატიით [ავტორი დიტო ჩუბინიძე] "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის გამკოტრებელი სავაჭრო - სამრეწველო პალატის ვიცე - პრეზიდენტად დაინიშნა" დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე_3, მე_5 და მე-11 პრინციპები. საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებელი. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპთან დაკავშირებით. სამოტივაციო ნაწილი: ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". სადავო სტატიაში ვხვდებით მტკიცებით ფორმაში მითითებულ რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებას: "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სასამართლოს ძალით აქვს აღიარებული [იგულისხმება ავთანდილ საყვარელიძე] რომ, მაგალითად იმავე სააქციო საზოგადოება "ელექტროვაგონშემკეთებელს" 28 მილიონი წაგლიჯა".   ამ ფრაზიდან, კერძოდ სიტყვა "წაგლიჯას" გამოყენებით მკითხველს რჩება შთაბეჭდილება რომ ავთანდილ საყვარელიძემ იძულების ან სხვა არაკანონიერი გზით მიიღო თანხები. საბჭოს წარედგინა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ ავთანდილ საყვარელიძის კუთვნილ კომპანიას "ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის" წინაშე დავალიანება წარმოეშვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე და მსგავსი ტერმინის გამოყენება მკითხველს უჩენდა არასწორ წარმოდგენას ფაქტის შესახებ. სტატიაში ასევე მითითებულია, რომ: "სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა საყვარელიძემ და მისმა დამქაშებმა ქარხნის მეპატრონე ციხეში გაუშვეს" "საყვარელიძეს სთხოვენ 2008 წელს სალაროდან გამოტანილ იმ 5 მილიონ ლარს, რომელიც მან სააკაშვილის ხელისუფლებას მოახმარა არჩევნებზე". "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით თავისი პარტნიორი და უახლოესი მეგობარი გადააგდო" "მამცნეს, ავთანდილ საყვარელიძე სავაჭრო - სამრეწველო პალატაში, თურმე ავადსახსენებელ ჩხენკელებს ჩაუსვამთ, როგორც თავიანთი კაცი და გამოცდილი ჩაფარი" სტატიაში არ არის მითითებული თუ რაზე დაყრდნობით ავრცელებს ჟურნალისტი ზემოთ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ეს არის ზეპირი და კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია თუ არსებობს დოკუმენტური მასალა ფაქტების დასადასტურებლად. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის განმარტების თანახმად: "უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია" სტატიაში ჟურნალისტის მიერ არც ერთი ფაქტი არ არის გადამოწმებული, მეტიც არც გადამოწმების მცდელობა ჩანს. ჟურნალისტი არ დაკავშირებია არც ავთანდილ საყვარელიძეს რომ მისგან მიეღო განმარტებები სტატიაში აღნიშნულ ბრალდებებთან და ფაქტებთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნულიდან ცალსახაა, რომ ჟურნალისტმა არ გამოიჩინა პატივისცემა მკითხველის მიმართ, რათა ამ უკანასკნელს მიეღო ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია, მეტიც, არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან რამე ღონე იხმარა, რათა ჟურნალისტური პროდუქტი ყოფილიყო დაბალანსებული, ყველა მხარის პოზიციის და განმარტების შემცველი. ქარტიის მე_5 პრინციპთან დაკავშირებით, რომლის თანახმად "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება", განმცხადებელი მიუთითებდა, რომ იგი დაუკავშირდა ჟურნალისტს, მიუთითა რა იყო სწორი ინფორმაცია და მოსთხოვა სტატიაში მითითებული არასწორი ფაქტების გასწორება. აღნიშნულის ფაქტის გამცხადებლის მიერ დადასტურება მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მე_5 პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება თუ დადგინდება, რომ ჟურნალისტს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა არ გაუსწორებია. საბჭომ სთხოვა განმცხადებელს, რომ წარმოედგინა ფაქტების გასწორების შესახებ მოთხოვნის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, და დამატებითი დროც მისცა, მაგრამ მტკიცებულება არ იქნა წარმოადგენილი და შესაბამისად მე_5 პრინციპის დარღვევა ვერ დადგინდება. ქარტიის მე_11 პრინციპთან მიმართებით განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის მიერ ფაქტის განზრახ დამახინჯებას, მაგრამ მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ ჟურნალისტი მიზანმიმართულად ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას და ჰქონდა კონკრეტული მოტივი ინფორმაციის განზრახ არასწორად გავრცელებისათვის. სარეზოლუციო ნაწილი: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ გადაწყვიტა:
  1. დიტო ჩუბინიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. დიტო ჩუბინიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე_5 და მე_11 პრინციპი.